რომელი დაავადებები აქტიურდება ბავშვებში შემოდგომის სეზონზე - ნანა ნარეკლიშვილის რეკომენდაციები

29-09-2021

პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი , ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი, , ნანა ნარეკლიშვილი გვიყვება, რომელი დაავადებები აქტიურდება შემოდგომაზე ბავშვებში და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა პროფილაქტიკისთვის:

-მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა. ცხადია, კოვიდინფექციას ვგულისხმობ, რომელმაც,საზოგადოების ყველა წევრზე იმოქმედა. პანდემიის პირობებში, იმის გამო, რომ ბავშვები ნაკლებად აქტიურობდნენ, მშობლებს დასასვენებლად, სასეირნოდ სუფთა ჰაერზე ხშირად ვერ გაჰყავდათ და ძირითადად, ოთახში უწევდათ ყოფნა, გაჯეტებზე დამოკიდებულებაც გაიზარდა, ამ ყველაფერმა კი ბავშვთა ასაკზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ფსიქიკურ მდგომარეობაზე,ზრდა-განვითარებაზე, ტანადობის დარღვევებზეც და იმუნიტეტზეც. შესაბამისად, ეს ახალი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. გადამდები დაავადებები, რომლებიც ამ სეზონზე აქტიურდებიან, შედარებით შემცირდა, მაგრამ ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, სატელეფონი ზარებიც ხშირია და მომართვიანობაც. აქტუალურია სასუნთქი გზების ინფექციები და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თუმცა,კორონავირუსიც ხშირად მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. პედიატრთან მისული ყოველი 3 ბავშვიდან, ორს სასუნთქი გზების ინფექცია აღენიშნება. სასუნთქი გზების ინფექციები ყველაზე საშიში ადრეული ასაკის ბავშვებში გახლავთ. მათთან იმუნიტეტი კიდევ უფრო დაბალია. გარდა ამისა, ბავშვთა ასაკის სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს ინფექციის ადვილად შეჭრას, გავრცელებას, მაღალ სიხშირესა და სიმძიმეს. შემოდგომაზე აქტუალურია ადენოვირუსები, რინოვირუსები, გრიპის, პარაგრიპის და სხვა.  ვირუსული ინფექციები სასუნთქი გზების ეპითელიუმს აზიანებენ, იწვევენ ლორწოვანი გზების ანთებით პროცესს, გამოიყოფა წებოვანი ლორწო, რომელსაც შეუძლია ადვილად დაახშოს სასუნთქი გზების სისტემა და დაიწყოს სურდო, ხველა, გართულდეს ყელის, ყურის ტკივილით და ა.შ.ვირუსულ ინფექციასთან ერთად შესაძლოა გააქტიურდეს ბაქტერიული ფლორაც და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს კოვიდინფექციის ე.წ. ,,დელტა“ შტამი, რომელმაც ასევე ბევრი გართულება გამოიწვია ბავშვთ აასაკში და ზოგიერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, ლეტალობით დამთავრდა. 

-პროფილაქტიკის მიზნით, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ვირუსებს მომზადებული შეხვდეს და ადვილად დაძლიოს ის?
-ამაზე უნდა ვიზრუნოთ ზაფხულში, ბავშვი წავიყვანოთ დასასვენებლად (მთა, ზღვა, სოფელი და რეკრეაციული ზონები). იმისთვის, რომ ბავშვმა ნაკლებად იავადოს და მომზადებული შეხვდეს გრიპის სეზონს, სასურველია ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ეფექტურად დაგვიცავს A და B  გრიპისგან. აქედან, უფრო საშიში A ჯგუფის გრიპია, რომელიც ბევრ გართულებას იწვევს და ბავშვთა ასაკში მძიმედ მიმდინარეობს. გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რა თქმა უნდა, ყველა ვირუსისგან არ დაგვიცავს. ასევე, არც კოვიდ-19-ისგან ვიქნებით დაზღვეულნი, მაგრამ, ერთდროულად გრიპის ვირუსისა და კოვიდინფექციის გადატანის შანსი და ამით გამოწვეული სირთულე, თავიდან გვექნება აცილებული.  

-როგორი ტემპერატურა და ტენიანობა უნდა იყოს სახლში, იმ გარემოში, სადაც ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს?
-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურასა და ტენიანობას იმ გარემოში, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს. ჯობს, ბავშვის ოთახი ნათელი იყოს. სეზონის მიუხედავად, ხშირად უნდა ნიავდებოდეს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ბავშვთა ასაკიც. თუ ახალშობილი დღენაკლულია, შედარებით მაღალი ტემპერატურაა ოთახში საჭირო. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, დღის განმავლობაში შესაძლებელია 20-21 გრადუსი იყოს, ხოლო ღამით - უფრო დაბალი და არა 29-30 გრადუსი. ბავშვი არ უნდა გადავახუროთდა ოფლიანობა არ უნდა გამოვიწვიოთ. ვინაიდან ოფლი მიკრობებისა და ბაქტერიების გამრავლებისთვის შესანიშნავი ნიადაგია. ტენიანობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა სახლში მაღალი ტენიანობაა, ხშირად მრავლდება ობის სოკოები, რომლებიც სასუნთქი გზების დაზიანების, რესპრაციული ალერგოზის ხშირი მიზეზია. ამიტომ, სასურველია, რომ ოთახის კედლები იყოს მშრალი და ტენიანობა ოპტიმალური. ბავშვს აუცილებლად უნდა ეცვას სეზონური ტანსაცმელი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან იქნება დამზადებული. 

-სასურველია თუ არა რაიმე ვიტამინების ან საკვები დანამატების მიღება შემოდგომაზე?
-შემოდგომაზე, სასურველია ბავშვმა ვიტამინები და მინერალები  მიიღოს ხილიდან და ბოსტნეულიდან, რითიც საქართველო საკმაოდ მდიდარია. თუმცა, ვიტამინების ჭარბი რაოდენობაც ისეთივე არასასურველია, როგორც ნაკლებობა. შემოდგომიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება. თუ იწყება ოფლიანობა,  განსაკუთრებით შუბლის არეში, აგრესიულობა, გაღიზიანებადობა, კუნთების ტკივილი, შესაძლოა ორგანიზმი მის დეფიციტს განიცდიდეს. ასევეა სხვა ვიტამინების შემთხვევაშიც, ყველა მათგანის ნაკლებობა გარკვეული ტიპის პრობლემას იწვევს. აქიდან გამომდინარე,ბავშვს ყველა საჭირო ვიტამინი უნდა ჰქონდეს. D ვიტამინს ხილიდან და ბოსტნეულიდან ვერ შეივსებენ და ჯობს, ხელოვნურად მიიღონ. აუცილებელია, პედიატრმა ბავშვის ზოგადი ზრდა-განვითარება შეაფასოს და ისე დანიშნოს, შესაბამისი დოზებით, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი გართულება, როგორიცაა, მაგალითად, რაქიტი. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში თევზის ქონის გამოყენება, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ის დადებითად მოქმედებს ძვალ-სახსროვანი სისტემის, ნერვული სისტემის, მხედველობისა თუ ზრდა-განვითარების პროცესზე.  გარდა ამისა, თევზი, როგორც საკვები პროდუქტი, შეუცვლელია და მისი გამოყენება რაციონში აუცილებელია. 

-საჭიროა თუ არა ყველა ბავშვმა მიიღოს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში D ვიტამინი?
-სასურველია, არა მხოლოდ ბავშვმა, არამედ უფროსმა ასაკმაც მიიღოს. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროება და დოზები, როგორც აღვნიშნე, სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. 

-როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი შემოდგომაზე?
-ყველაზე სასურველი ბალანსირებული კვებაა. სწორად უნდა იღებდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. ძალიან ბევრი ბავშვისთვის სატყუარაა ისეთი საკვები, რომელიც სხვადასხვა მავნე დანამატითაა გაჯერებული, მაგალითად, ჩიფსები, კარტოფილი ფრი,კანფეტები, კარამელი და ასე შემდეგ. რომელიც აბსოლუტურად არაფრის მომცემია ბავშვისთვის. ზედმეტი ტკბილი, ზედმეტად მარილიანი, ძეხვები, სოსისები- ყველაფერი, სადაც შეიძლება ემულგატორები იყოს დამატებული, მიუხედავად იმისა, რომ აწერია ,,საბავშვო“, მერწმუნეთ, მაინც არასასურველია. მაქსიმალურად უნდა ეცადოს ყველა ოჯახი, 3 წლამდე მაინც მკაცრად შეზღუდოს ეს ყველაფერი. შემოდგომაზე ძალიან კარგია სეზონური ხილი, ბოსტნეული: ყურძენი, შინდი, მსხალი, ვაშლი, კომში, არაჩვეულებრივია ბუნებრივი ანტიოქსიდანტი- ბროწეული. თუმცა, ბროწეულზე აუცილებლად ვიტყვი, რომ წვენი გაზავებულად მივიღოთ, რომ კუჭი არ გაღიზიანდეს. ბავშვები უნდა მიეჩვიონ ახლადგამოწურულ წვენებს, ხილფაფებს, რომლებიც ძალზედ სასარგებლოა. მათი ორგანიზმი ამ სახით მიღებულ ნახშირწყლებს უნდა იღებდეს და არა შოკოლადითა და ნამცხვრებით. რაც შეეხება ცილოვან საკვებს, თევზი და ხორცი შეუცვლელია, არაჩვეულებრივია ლობიო. ცხიმებიდან ზეთი კარგია, ეს იქნება, ზეითუნის თუ სიმინდის ზეთი. სასურველია, ბავშვმა რძის პროდუქტებიდან ხაჭო, კეფირი, საბავშვო იოგურტებიც მიირთვას.

-შემოდგომა-ზამთარში რამდენად მიზანშეწონილია კომპოტების მიწოდება ბავშვებისთვის და აქვს თუ არა მათ რაიმე სარგებლობა?
-კომპოტებში დიდი ხნის ხარშვის დროს იკარგება სასარგებლო თვისებები. გარდა ამისა, დამატებულია შაქარი და ამ სახითაა დამტკბარი. შესაბამისად, ის არ არის იმდენად სასარგებლო, რამდენადაც ახალგამოწურული ხილის წვენი. თუმცა, ხველისთვის, სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის ჩათუშული, კომში, ვაშლი, მსხალი სასარგებლოა. მაგრამ, ყოველდღე კომპოტის მიღება ნაკლებად სასურველია.