რა არის ცელიაკია, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და არსებობს თუ არა მკურნალობის გზები

30-01-2024

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია”  (,,სცეა“) წარმოადგენს ცელიაკიის მქონე პაციენტთა ხმას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.  ,,სცეა“-ს მიზანია, იმ აქტივობებით, რასაც ასოციაცია დაფუძნების დღიდან წარმატებით ახორციელებს, საქართველოში გაუმჯობესდეს აღნიშნული კვებითი შეზღუდვის მქონე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. ,,სცეა“ პასუხობს კითხვებს ცელიაკიის დიაგნოსტირებასა და მართვასთან დაკავშირებით:
რა ტიპის დაავადებაა ცელიაკია და როგორ ხდება დიაგნოსტირება?

-    ცელიაკია გენეტიკური აუტოიმუნური  დაავადებაა, რომელსაც იწვევს ხორბალში, ქერში და ჭვავში შემავალი ცილა გლუტენის პეპტიდები, რაც თავის მხრივ აისახება წვრილი ნაწლავის ატროფიაში. აღნიშნული ცვლილებები იწვევენ გასტროინტენსტინურ სიმპტომებსა და მალაბსორბციას. ცნობილია 200-ზე მეტი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემების დაზიანებით, ასევე  სხვა ჩივილებით ნებისმიერ ასაკში. 

პირველადი დიაგნოსტირება ხდება შემდეგი კვლევებით: სეროლოგიით - ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა ატისხეულების კვლევა  IgA, IgG
და საერთო იმუნოგლობულინი A. ექიმის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს შემდგომი კვლევები (ანტი-ენდომიზიური ანტისხეულები-EMA, წვრილი ნაწლავის ბიოფსია). 

გლუტენი, ცელიაკია,

რა ასაკში და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არის საჭირო ცელიაკიის ტესტის ჩატარება?
 

-    ცელიაკიის  დიაგნოსტირებას კონკრეტული ასაკი არ აქვს(სასკრინინგო). სიმპტომების გამოვლენისთანავე ხდება დიაგნოზის დადასტურებისთვის საჭირო კვლევის ჩატარება. რაც შეეხება სიმპტომებს,  ესენია: მუდმივი მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია, დერმატიტი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის დეფიციტი, და სხვა.

იმ შემთხვევაში თუ ანალიზებთ არ დასტურდება ცელიაკია, შეიძლება ადამიანი მაინც იყოს აღნიშნული დაავადების მატარებელი?

-    კომპლექსური სიმპტომების ფონზე, თუ კვლევებით არ დასტურდება ცელიაკია, და პაციენტს მაინც აღენიშნება ზემოაღნიშნული სიმპტომები, ცელიაკიის მიმართ ორგანიზმის გენეტიკური განწყობის დადასტურების მიზნით კეთდება გენეტიკური კვლევა. 

თუ ადრეულ ასაკში არ ტარდება შესაბამისი გამოკვლევები, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დაავადებამ?

-    გვიან დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, ცელიაკიის მქონე პაციენტს აქვს რისკი შემდეგი დაავადებების განვითარების: სხვა აუტოიმუნური დაავადებები, რკინა და პოლიდეფიციტური ანემია, ოსტეოპოროზი, მძიმე ოსტეომალაცია, დაგვიანებული პუბერტატი, ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა, უშვილობა, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, დერმატოლოგიური გართულებები.

გლუტენი, ცელიაკია,

ცელიაკიის  შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადამიანმა მთელი სიცოცხლის მანძილზე უგლუტინო საკვები მიიღოს? თუ შესაძლებელია ამ პრობლემის გადალახვა დროთა განმავლობაში?

-    ცელიაკიის დადასტურების შემთხვევაში პაციენტი მყისიერად უნდა გადავიდეს გლუტენისგან თავისუფალ დიეტაზე. დღეის  მდგომარეობით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების  ერთადერთი  გზა არის დიეტა. ცელიაკიის გადალახვა (დაძლევა, განკურნება) არ ხდება. ეს არის დაავადება, რომელიც იმართება მონოტონური უწყვეტი დიეტით.

ცელიაკიის დიაგნოსტირება რა თანხებთან არის დაკავშირებული? რა მდგომარეობა არის ამ მხრივ საქართველოში?

-    ცელიაკიის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით ზუსტი თანხის დასახელება  რთულია. ყველა კლინიკას თავისი განფასება აქვს და ყველა ადამიანის შემთხვევა ინდივიდუალურია. ცელიაკიის კვლევა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე ადგილობრივად აღებული ნიმუშის სხვა ქვეყანაში გაგზავნით, პირველადი დიაგნოსტირებისთვის სჭირო ანალიზების თანხა მერყეობს 250 ლარიდან 300 ლარამდე.

რამდენად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია უგლუტენო პროდუქცია საქართველოში?

-    ხელმისაწვდომობის ორი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ: პირველი - ხელმისაწვდომი ფინანსური თვალსაზრისით. სხვა პროდუქტებთან შედარებით, გლუტენის გარეშე საკვები შესაძლებელია ორჯერ ძვირი ღირდეს. მეორე, ეს არის უგლუტენო პროდუქტების არსობება ქვეყანაში - წინა წლებს თუ შევადარებთ, ბოლო 2 წლის მანძილზე თბილისის მაღაზიებში გლუტენის გარეშე პროდუქტების მრავალფეროვნება შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე.  

როგორც ვიცით, არსებობს საკვები ვაუჩერული სისტემა, ვის შეუძლია სარგებლობა და სად უნდა წარადგინოს განაცხადი?

-    ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდაჭერა/ საკვები პროდუქტებით დახმარება.

პროგრამის მიზანია 18 წლამდე ასაკის ცელიაკიის დიაგნოზის მქონე სამიზნე ჯგუფისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სპეციალური კვების საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი (18 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით), რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული აქვს ცელიაკიის დიაგნოზი.

აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩასართავად აუცილებელია:
• ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
• მიმართვას თან უნდა ერთვოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა  - ფორმა IV-100/ა;

• ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ცელიაკიის დიაგნოზისათვის საჭირო სპეციალური საკვების საჭიროება;
• ბავშვის დაბადების მოწმობა.

გლუტენი, ცელიაკია,


რამდენი თვის ვაუჩერს მიიღებს მოქალაქე და რა ღირებულების?

ბენეფიციარი მიიღებს 1 წლის ვაუჩერს (ან/და 18 წლის შესრულების თვის ჩათვლით) და ვაუჩერის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი საკვები პროდუქტით სარგებლობა, რომელიც განკუთვნილია ცელიაკის დიაგნოზის მქონე პირებისათვის.
მოქალაქეს შეუძლია გაანაღდოს სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებულ ობიექტებზე, რომლის ინფორმაციაც მიეწოდება ვაუჩერის მიღების დროს. მან უნდა წარადგინოს ადგილზე ვაუჩერი, ბენეფიციარის დაბ. მოწმობა და კანონიერი წარმომადგენლის პირადობა.იმისთვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში, უნდა მიმართოთ სახელმწოფო ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს და წარადგინოთ: ბენეფიციარის დაბადების მოწმობა, ფორმა IV-100/ა და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა.

როგორია ასოციაციის სამომავლო გეგმები? რა აუცილებელი ცვილებები არის საჭირო დაავადების სამართავად და სამკურნალოდ? 

-    „სცეა“-ს 2024-ში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა აქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვმუშაობთ, არის გლუტენის გარეშე კვების უზრუნველყოფა სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ცელიაკიის სკრინინგის პედიატრიული პროგრამა, რომელსაც ექიმებთან ერთად ვადგენთ. ცოტა უფრო გრძელვადიან გეგმებში შედის ე.წ გადახაზული თავთავის მარკირების შემოღება საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას ექნება გლუტენის გარეშე, ევროპაში აღიარებული სერტიფიცირება. ამავდროულად, იგეგმება ცელიაკიის მეოთხე კონფერენცია და სხვა აქტოვობები.  ეს და ყველა სხვა პროექტი, რაც გვაქვს დაგეგმილი, ხელს შეუწყობს ცელიაკიის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის ,,სცეა“-ს დაფუძნების მთავარი მიზანი. ცელიაკიის მართვა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ დიეტით, რაც ნიშნავს გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების მიღებას. ცელიაკია მკურნალობას არ საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით დიეტის ჩამნაცვლებელი ალტერნატივა არ არსებობს.