ფული,როგორც ჯილდო კარგი ნიშნებისთვის

19-09-2023

უნდა გადაუხადოს თუ არა მშობელმა ფული ბავშვს კარგ ნიშნებში?

სასწავლო წლის დაწყების წინ ძალიან ბევრი მშობელი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აუმაღლოს შვილს სწავლის მოტივაცია, წაახალისოს თუ არა ბავშვი ფულით არა მარტო კარგი ნიშნების, კარგი საქციელის გამო, რადგან არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი კარგად სწავლობს, თუმცა არც ისე მოწესრიგებული და დამჯერი მოსწავლეა, როგორც ამას მასწავლებელი და სკოლის შინაგანაწესი მოითხოვს. საბოლოოდ, ყველა მშობელი მისთვის სასურველ ვარიანტს ირჩევს, ზოგი ბავშვს გარკვეულ თანხას უხდის კარგ ნიშნებში და უქვითავს ცუდ ნიშნებში, ზოგი მხოლოდ მისთვის პრიორიტეტულ საგნებში მიღებული ნიშნების გამო უხდის ბავშვს ფულს, მაგალითად მათემატიკაში, ისტორიაში. მოდით ვნახოთ, საერთოდ გამართლებულია თუ არა ბავშვისთვის ნიშნის გამო ფულის გადახდა?

ბავშის ფულით დასაჩუქრების უარყოფითი მხარეები

ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის სწავლაში ფულის გადახდა მის მოტივაციას მთლიანად კლავს და სწავლისადმი ინტერესი ნულამდე დაჰყავს. მათი აზრით, სწავლა ბავშვის წმინდა მოვალეობაა, რომელშიც ფულის გადახდა მიუღებელია, სწავლა პირველ რიგში თავად ბავშვს სჭირდება იმისთვის, რომ მიიღოს განათლება და მომავალში კარგი სამსახური ჰქონდეს. მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა გაიხსენოს საკუთარი თავი 8-12 წლის ასაკში, ვის გვხიბლავდა  სწავლა იმ მოტივით, რომ 10-12 წლის შემდეგ გვექნებოდა კარგი სამსახური.
რაც შეეხება ფულის გადახდას, კარგი ნიშნების მიღების შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება ბავშვის მოტივაციას ერთიორად ზრდის, მაგრამ თუ ცუდი ნიშნის გამო მას თანხა ჩამოეჭრება, ეს მის მოტივაციას ფრთებს კვეცს, ამიტომ, როგორც წესი, ისინი ცდილობენ ხოლმე მიმართონ რამე ხრიკს საიმისოდ, რომ ცუდი ნიშნის გამო მათი შემოსავალი არ შემცირდეს ან უბრალოდ ამ ხრიკებს იმისთვის მიმართავენ, რომ ფული მიიღონ და არა - კარგად ისწავლონ და თვითმიზანი ფული ხდება ხოლმე. ზოგიერთ მშობელს კი მიაჩნია, რომ სწავლაში ფულის გადახდით მშობელსა და ბავშვს შორის ვაჭრული დამოკიდებულება ყალიბდება. 

ფულით დაჯილდოვების დადებითი მხარეები

ფული, როგორც ჯილდო სწავლისთვის,
თანამედროვე ბავშვებს 6-7 წლიდან ესმით, რა არის ფული და როგორ გამოიყენონ იგი ამიტომაც არის, რომ ბევრი ფსიქოლოგი გვირჩევს ბავშვისთვის ჯიბის ფულის გაცემას 6 წლიდან, ასე უფრო მარტივია ბავშვისთვის ღირებულებების ახსნა. არ არის საჭირო მიდგომის მოძებნა და მოტივაციაზე  ფიქრი - თქვენ უბრალოდ  გაახმოვანეთ თქვენი პირობები. მოტივაცია მუშაობს. ბავშვმა წინასწარ იცის, რა სურს და რაში უნდა დახარჯოს ის ფული, რომელიც ჯერ არ გამოუმუშავებია,  ამიტომ, ის ცდილობს ისწავლოს გაკვეთილები, უკეთ დაწეროს საშინაო დავალება ან დაიზეპიროს  ლექსი და მიიღოს მისთვის საჭირო თანხა.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი:  გადაიხადოს თუ არ გადაიხადოს ფული შვილის სწავლაში.  
 

ფული, როგორც ჯილდო სწავლისთვის,

ფსიქოლოგების უმეტესობა გვირჩევს, რომ თუ ბავშვის ფულით წახალისებას  აპირებთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: 
 

  • ჯილდო უნდა დაწესდეს უშუალო წარმატებებისთვის. არ დაჰპირდეთ გრძელვადიან ჯილდოს. მაგალითად, 100 ლარს სემესტრის კარგად დასრულების შემთხვევაში - ეს დიდი დროა, ასეთი მიზანი პირველი 2-3 დღის განმავლობაში ბავშვისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, თუმცა შემდეგ დაივიწყებს მას, მიზანი დაეკარგება, შესაბამისად, მოტივაციაც.  ბავშვმა ზუსტად, კონკრეტულ მომენტში უნდა იგრძნოს სარგებელი. 
  • დაუსახეთ ბავშვს მკაფიო, კონკრეტული  მიზნები, მაგალითად, ათიანისთვის მიიღებს 5 ლარს, ცხრიანისთვის - 4 ლარს და ა.შ.  
  • არასდროს არ დაარღვიოთ პირობა. 

მოტივაციის გაზრდისთვის  საუკეთესო ვარიანტია არა ფულის გამოყენება, არამედ მისი ინვესტიცია ბავშვის ჯანსაღი ინტერესის განვითარებაში. დაპირება შეიძლება იყოს გამოფენაზე, ვორქშოფზე, საცურაო აუზზე თუ გასართობ ცენტრში წაყვანა. ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან და მშობლის როლი სწორედ ამ ინტერესის შენარჩუნებაა. ეცადეთ, ბავშვთან ერთად უფრო ხშირად ეწვიოთ გამოფენებს, საინტერესო ექსკურსიებს, გალერეებს. შეეცადეთ ჩართოთ თქვენი შვილი მისთვის საინტერესო კლუბებსა და აქტივობებში. მთავარი წესი: ნუ აიძულებთ შვილს გააკეთოს ის, რაც მისთვის საინტერესო არ არის. გაარკვიეთ მისი ინტერესების სპექტრი და  მხოლოდ ამის გათვალისწინებით  შეურჩიეთ აქტივობები.
 

არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილი სხვას. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც შეგიძლიათ შეადაროთ ბავშვი, არის თავად იგი  წარსულში. თუ სწავლაში ჩამორჩა შეახსენეთ, რომ ოდესღაც ჰქონდა მსგავსი სირთულე,  მაგრამ წარმატებით გაუმკლავდა მას. 
 

მიეცით მაგალითი და წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა. ბავშვები აკოპირებენ მშობლების ქცევას. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედა და მამა წიგნებს კითხულობენ, რაღაც ახალს სწავლობენ, გამოფენებზე დადიან, მაშინ თავად შეეცდება იმავეს გაკეთებას,  დაინტერესდება. 
დაისახეთ მიზნები თქვენს შვილთან ერთად იქნება ეს სწავლა, მეცადინეობა თუ მოგზაურობა. როდესაც ბავშვი ისწავლის მიზნების დასახვას, ის შეეცდება მიაღწიოს ამ მიზნებს.